სუს-ი: ელექტრონული ტენდერებით გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, ეკონომიამ 486 428 ლარი შეადგინა
“2019 წლის საბიუჯეტო სახსრებით გამოცხადდა 213 ტენდერი, ხოლო ჩატარებული ტენდერებიდან ხელშეკრულება გაფორმდა 178 პრეტენდენტთან. ელექტრონული ტენდერებით გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, ჯამურად, ეკონომიამ შეადგინა 486 428 ლარი”, – ამის შესახებ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საბიუჯეტო სახსრებით სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ 417 ხელშეკრულება გაფორმდა.
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისა და ინსტიტუციური მდგრადობისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია სათანადო ინფრასტრუქტურული და მატერიალური რესურსების არსებობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ტექნიკური და სხვადასხვა საშუალების პერიოდულად განახლება-გაუმჯობესება. აღნიშნულს მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფდნენ სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.
2019 წლის საბიუჯეტო სახსრებით სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ გაფორმდა 417 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 27 871 922 ლარი. საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით, შესაბამის კომპანიებთან გაფორმებული იქნა 12 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 632 409 ლარი”, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.