ლევან რატიანი: კორონავირუსისგან მეორე ორსულიც გამოჯანმრთელდა, ის კლინიკას დღეს დატოვებს
“დღეს ჩვენი კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული კოვვირუსის გარეშე. დამატებითი კვლევების შედეგად, დღეს კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, ანუ, ჯაკურად, კლინიკას სამი პაციენტი დატოვებს”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 78 პაციენტი მკურნალობს.
“ამ ეტაპზე, კლინიკაში 97 პაციენტი გვყავს. აქედან 78 კოვიდ ინფიცირებულია. რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტია მოთავსებული. დანარჩენი პაციენტები სხვადასხვა განყოფილებაში არიან.
78 დადასტურებული შემთხვევიდან 47-ში კოვიდ ინფიცირების შემთხვევის შედეგად გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა დასტურდება. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
დღეს ჩვენი კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული კოვვირუსის გარეშე. დამატებითი კვლევების შედეგად, დღეს კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, ანუ, ჯამურად, სამი პაციენტი დატოვებს კლინიკას.
რაც შეეხება ახალშობილებს – გვყავს 7 პაციენტი, მათთან არცერთთან არ დადასტურდა კოვიდ ინფექცია. გვყავს ორსული ქალბატონებიც, 5 დატოვებს კლინიკას და მათთანაც არცერთთან არ დადასტურდა კოვიდ ინფექცია და ესენი დღის პირველ ნახევარში დატოვებენ კლინიკას”, – განაცხადა რატიანმა.