მარინა ეზუგბაია: გვყავს რამდენიმე პაციენტი, რომელთა პირველადი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით მათ კლინიკაში რამდენიმე პაციენტია, რომელსაც პირველ ჯერზე კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აქვს, 24 საათიანი ინტერვალით კი განმეორებითი ტესტირების ჩატარება იგეგმება.
ეზუგბაიამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.
“დღეს დილით გვაქვს 336 შემთხვევა ანუ, მატება დადასტურებული შემთხვევების არის 30. 336 პაციენტიდან 86 ჩვენი პაციენტია. სულ გამოჯანმრთელებულია 74. 74-დან ჩვენთან 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ კოვიდის მიმღებ ცენტრებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა.
ჩვენთან, გუშინ 21 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება. ესენი იყვნენ როგორც პირველადი პაციენტები ისე განმეორებითი, გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი პაციენტები. გამოჯანმრთელებული იყო 2 პაციენტი. არის რამდენიმე პაციენტი, რომელსაც პირველ ჯერზე აქვს პისიარის უარყოფითი პასუხი და დღეს ალბათ, ჩატარდება 24 საათიანი ინტერვალით განმეორებითი ტესტირება და გამოჯანმრთელების რაოდენობას ალბათ, ხვალ დილისთვის გავიგებთ.
ამ ეტაპზე, ჩვენთან 37 პაციენტია, გვყავს ორი ძალიან მძიმე, პრობლემური პაციენტი. დაახლოებით 7 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით. ორ მძიმე, პრობლემურ პაციენტთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მესამე დღეა სტაბილური სიტუაციაა და ალბათ, მათი მდგომარეობაც დინამიკაში გაუმჯობესდება და დადგება გამოჯანმრთელებაც.
ყველა მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია, 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ამ ბავშვებთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვები ხალისიანი, აქტიურები არიან, იკვებებიან კარგად, პერიოდულად მათ უმნიშვნელო სუფებრილიტეტი აქვთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ზოგადად, მათი მდგომარეობა მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.