დიმიტრი ხუნდაძე: საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება თუ სხვის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის, რა მიზეზითაც უნდა გავამართლოთ, დაუშვებელია

“საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება თუ სხვის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის, რა მიზეზითაც უნდა გავამართლოთ, დაუშვებელია”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ფიზიკური დისტანცირებაა.

“კორონავირუსმა მსოფლიოს გამოცდა მოუწყო. ქვეყნების უმეტესობამ ეს გამოცდა ვერ ჩააბარა. ეპიდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია და უკვე 130.000 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. გარდაცვლილი განსაკუთრებით ბევრია მშობლების თაობიდან. ექიმებს საკმაოდ დიდი ბრძოლა უწევთ პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად და ზოგჯერ ამ ბრძოლას თვითონაც ეწირებიან.

პანდემია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასაც ეწვია, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველო ეპიდემიოლოგიურად შედარებით კარგად გამოიყურება. აქამდე მიღწეული შედეგი სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება და რამდენი იქნება საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად, არავინ იცის.

თუ წინააღმდეგობა სწორად არ იქნა შეფასებული და საზოგადოების უკლებლივ ყველა წარმომადგენლის ქმედება არ იქნა ადეკვატური, შესაძლოა, შედეგი კატასტროფულიც კი დადგეს.

ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ფიზიკური დისტანცირებაა. ახლოვდება დღეები როცა ტრადიციულად, წარსულში ყველა ერთად აღვნიშნავდით, მაგრამ ეს დღეს სახიფათოა. შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისგან, სასაფლაოებზე მასობრივი გასვლისგან, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შემდეგ უფრო მეტ საფლავზე მოგვიწიოს მისვლა.

მიჭირს ასე მძიმედ საუბარი, მაგრამ გაუფრთხილებლობამ შესაძლოა, ეს რეალობად აქციოს. ჯობს, დროულად მოვითმინოთ, ვიდრე – უდროოდ ვინანოთ. თანაც, სამწუხაროდ არც ისე ბევრნი ვართ. თუ ვირუსმა მასიური გავრცელების სახე მიიღო, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმაც ვერ გაუძლოს სიმძიმე გამოწვევას და კიდევ უფრო ცოტანი დავრჩეთ.

დავრჩეთ სახლში და ამ ფორმით ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ყველა ერთად კი გავუფრთხილდეთ ქვეყნის მომავალს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები