კახა კალაძემ მორწმუნეებს მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ და სხვების ჯანმრთელობაზე ილოცონ
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს “ფეისბუქით” პირდაპირი ჩართვისას ყველა მორწმუნეს მოუწოდა, რომ სახლიდან ილოცონ სხვების ჯანმრთელობაზე. როგორც მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ ვითარებაში მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
„დარწმუნებული ვარ და ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის, რომ მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა და სახლში დარჩენა, ეს მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისა და სხვების სიცოცხლისთვის. დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა. ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ვებრბძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ. ეს არის კორონავირუსი, რომელიც არის სერიოზული პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ნახეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში, რამხელაა სიკვდილიანობა.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის მოთხოვნები და რჩევები, რომლებზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში. ბევრი ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს, არაფერი მოხდება, არაფერი დაგვემართებაო, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ ვხედავთ მტერს, რომელიც არის მომაკვდინებელი. ყველას მინდა, მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, შევიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან, ერთმანეთთთან კომუნიკაციისგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან“, – განაცხადა კალაძემ.