მამუკა მდინარაძე: არ არსებობს საკითხი, რაზეც სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანხმდებიან
„არ არსებობს საკითხი, რაზეც სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანხმდებიან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის” ეთერში განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ახლა არ არის პოლიტიკური სპეკულაციების დრო. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საზოგადოება გაითავისებს პასუხისმგებლობას, მით უფრო, რომ ეკლესია, პირიქით, მოუწოდებს მრევლს, დაემორჩილოს შეზღუდვებსა და კანონს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოქროს ბალანსს შედარებით მარტივად დავიცავთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნებისმიერის მოწოდების შემთხვევაში არცერთი ადამიანი აღდგომის ღამეს ეკლესიაში არ იქნება, მაგრამ იქნება ძალიან ცოტა ადამიანი, ჩემი აზრით იმიტომ, რომ ყველა გაითავისებს თავის პასუხისმგებლობას. ადამიანი, რომელიც სახლში დარჩება და ისე შეხვდება აღდგომას, არანაკლები მორწუნე შეიძლება იყოს იმაზე, ვინც ეკლესიაში მივა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და თუ ჩვენ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, არავინ ითხოვს და, პირიქით, ეკლესია პირიქით მოუწოდებს მრევლს, რომ დაემორჩილოს შეზღუდვებს და კანონს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვიცესპიკერის განცხადებით, საუბარი არ უნდა იყოს მარტო ეკლესიაზე. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთნაირად ექნება რეაგირება.
“რაც შეხება იმას, რომ ბზობის დღეს კონკრეტულ ადგილას მართლაც ძალიან ცუდი სურათი იყო – ისიც უნდა ითქვას, რომ თუ რამდენიმე ასეულ ეკლესიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგად იცავდნენ სოციალურ დისტანციას, არ ქმნიდნენ პრობლემებს და იქ ვირუსის გავრცელების საფრთხე იყო, პრაქტიკულად, მინიმუმამდე დაყვანილი, იმ ერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზი. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიის გარეთ ასეთი შეკრება, ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს ლეგიტიმური იძულების საშუალებით უნდა იყოს სანქცირებული და შესაბამისი პირები უნდა იყვნენ დაჯარიმებული და ეს მომდევნო დღეებში აღმოიფხვრება, დარწმუნებული ვარ. მაგრამ ჩვენ ასეთი დარღვევები სხვადასხვა ადგილებშიც გვხვდება, მარტო ეკლესიაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. სუპერმარკეტებთან, ირღვევა სოციალური დისტანცია. ყველა უნდა დაჯარიმდეს. დეკრეტის მიერ დადგენილი სანქცია ყველას უნდა შეეხოს აბსოლუტურად და აქედან გამონაკლისი არ უნდა იყოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.