პირველადი შეთანხმება მიღწეულია – საქართველო საერთაშორისო დონორებისგან 3.5 მილიარდს მიიღებს

“მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩვენი ეკონომიკისთვის ეს ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში. ამაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმინისტრმა.

გახარიას თქმით, წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკა დახმარების სახით დამატებით, დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარს მიიღებს.

“მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, „აზიის განვითარების ბანკს“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“, „ევროპის საინვესტიციო ბანკს“, „გერმანიის განვითარების ფონდს“, „საფრანგეთის განვთარების სააგენტოს“. ეს ყველა ის დონორი ორგანიზაციაა, რომელთან პირველადი მოლაპარაკებების შედეგადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკის დახმარების სახით დამატებით, დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარი შემოვა”, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო დახმარებას მიიღებს კერძო ფინანსური სექტორიც.

“გვქონდა და გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს საფინანსო სექტორთან. მათი თხოვნითა და მათი მხარდაჭერის მიზნით გვქონდა მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან და მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორსა და რეალურ სექტორს, ასევე 1,5 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან. ეს თანხა იქნება მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ბიზნესი ამ თანხის ათვისებას შეძლებს. ეს იყო მძიმე სამკვირიანი მოლაპარაკებები და ესაა კრიზისული დახმარების ძირითადი საბაზისო პორტფელი, რომელზეც მიღწეულია პირველადი შეთანხმება“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები