უკრაინაში პუტინზე თავდასხმის მომზადების ორგანიზებაში ეჭვმიტანილის მკვლელობა იგეგმებოდა – ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების მიერ გადაბირებული გენერალ-მაიორი დააკავა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავისი უწყების გენერალ-მაიორი ვალერი, შაიტანოვი დააკავა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატსა და ტერაქტების მოწყობაშია ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.
კერძოდ, აღინიშნება, რომ შაიტანოვი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ადამ ოსმაევის ლიკვიდაციას გეგმავდა. ოსმაევი 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადების ორგანიზებაში არის ეჭვმიტანილი, ასევე, 2015 წლიდან ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის კომანდირია.
შაიტანოვი ფსბ-ს უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციების შესახებ ინფორმაციას გადასცემდა, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას, თავდაცვას ეხებოდა. შაიტანოვი არაერთხელ შეხვედრილა რუსებს გერმანიაში, საფრანგეთსა და ხორვატიაში.
ასევე, უკრაინის სპეცსამსახურებისთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ შაიტანოვი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდა, რის სანაცვლოდაც მას 200 ათას დოლარსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტს ჰპირდებოდნენ.
ვალერი შაიტანოვს, სავარაუდოდ ,”სახელმწიფო ღალატისა” და “ტერაქტის” მუხლებით გაასამართლებენ.