“რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ დადასტურებული, კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი სხვადასხვა კლასტერია”
“შემიძლია გითხრათ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ცხრავე პაციენტის ეპიდ ანამნეზი ცნობილია, სხვადასხვა კლასტერს მიეკუთვნებიან”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში, ჯამურად, კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი მკურნალობს.
“ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 59 პაციენტია მოთავსებული, მათგან 21 პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. გუშინ ტესტირების შედეგად 9 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია და ყველა მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა. მანამდე, რეანიმაციულ განყოფილებაში სამი პაციენტი იმყოფებოდა. გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა ერთი პაციენტის გადაყვანა საჭირო, რადგან მისი ოჯახის წევრები იქ არიან. ჩვენს არცერთ პაციენტს, რომელიც დღეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და კორონავირუსი აქვს დადასტურებული, საბედნიეროდ, მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. არ აქვთ სუნთქვის მძიმე მოშლა, თუმცა მათ უმეტესობას პნევმონია აქვს დადგენილი.
შემიძლია გითხრათ, რომ იმ დადებითიდან, რომელიც არის ჩვენთან მოთავსებული, ცხრავეს ეპიდ ანამნეზი ცნობილია. სხვადასხვა კლასტერებს მიეკუთვნებიან. ზოგი საზღვარგარეთიდანაა შემოსული, კარანტინში იმყოფებოდა და იმას დაუდასტურდა. გვყავს პაციენტი, რომელიც უცხოეთში გაიტესტა, ნეგატიური იყო პასუხი, მაგრამ, ცხელება გრძელდებოდა და პისიარ ტესტით აღმოჩნდა, რომ კოვიდ ინფექცია ჰქონდა. ამ წუთას, 11 ინფიცირებული გვყავს”, – განაცხადა გოფოძემ.