ბაჩო ოდიშარია: „ენჯეოები” მხოლოდ იმას არიან მოწადინებულები, რომ არყიონ სახელმწიფო იმ მავნებლებთან სინქრონში, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგზე ფიქსირდებიან
„ჩვენი „ენჯეოები” მხოლოდ იმას არიან მოწადინებულები, რომ არყიონ სახელმწიფო იმ მავნებლებთან სინქრონში, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგზე ფიქსირდებიან”, – ამბობს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია POSTV-ის ვიდეობლოგში.
მისი თქმით, ახლა, როდესაც კორონავირუსის ჯებირია აღმართული, ვხედავთ, რომ ქართველი „ენჯეოშნიკები” მშრალზე დარჩნენ და უწევთ, თავად მოიგონონ რაიმე აქტივობა საკუთარი არსებობის გასამართლებლად.
ამასთანავე, ბაჩო ოდიშარიას თქმით, ხელისუფლებამ ყველა მოლაპარაკების მაგიდასთან გამოყო ადგილი მათთვის, ყველა პოლიტიკურ პროცესზე მისცა წვდომა.
„რა ფუნქცია და დანიშნულება აქვს „ენჯეო” სექტორს. კლასიკური გაგებით, „ენჯეო” არის მოგებაზე არაორიენტირებული ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც მიზნად ისახავს პოზიტიურ ცვლილებებზე ფოკუსირებას.
ის მხარს უჭერს და აქცენტირებს სოციალურ საკითხებზე. მესამე სექტორი, როგორც მას უწოდებენ, დარაჯობს საზოგადოებაში გაჩენილ უკმაყოფილებას, შემდეგ ამ უკმაყოფილების მიზეზებს შეისწავლის და ცდილობს ცვლილებებზე პედალირებას, ასრულებს რა მთავრობასა და საზოგადოებას შორის მედიატორის ფუნქციას. მოკლედ, რა სოციალურ ტერიტორიებსაც სახელმწიფო ბოლომდე ვერ ითვისებს, იმ სივრცის შესავსებად საქმეში ერთვება „ენჯეო” სექტორი, რომელმაც საყოველთაო კეთილდღეობისთვის რაიმე უნდა მოიმოქმედოს. ახლა შევხედოთ, როგორია ჩვენი სამამულო, ქართული, ანომალიური „ენჯიო” სექტორი.
ქართველ „ენჯეოშნიკს” აქვს ერთი კონკრეტული საქმე და ვნება, გამალებით ეცადოს სახელმწიფოსთვის ბზარების გაჩენას, ყოველმხრივ შეუშალოს მას საქმიანობაში ხელი. ხოლო როდესაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ამის კეთება არ შეუძლია, მაგალითად, ახლა, როდესაც „ენჯეო” სექტორსა და სახელმწიფოს შორის კორონავირუსის ჯებირია აღმართული, ვხედავთ, რომ მისი დანიშნულებაც გაქრა, ქართველ „ენჯეოშნიკს” საქმე წაერთვა, უხელფასო შვებულებაში მოუწია გასვლა.
როგორც ევროპიდან გვასწავლიან, გამჭვირვალე, დემოკრატიული მმართველობისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის გადაწყვეტილებების მიღებაში „ენჯეო” ჩართულობა.
ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა მოლაპარაკების მაგიდასთან გამოყო ადგილი მათთვის, ყველა პოლიტიკურ პროცესზე მისცა წვდომა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენი „ენჯეოები” მხოლოდ იმისკენ არიან მოწადინებულები, რომ არყიონ სახელმწიფო, იმ მავნებლებთან სინქრონში, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგზე ფიქსირდებიან. ახლა, როდესაც კორონავირუსის ჯებირია აღმართული, ვხედავთ, რომ ქართველი ენჯეოშნიკები მშრალზე დარჩნენ და უწევთ, თავად მოიგონონ რაიმე აქტივობა საკუთარი არსებობის გასამართლებლად.
ბატონმა პაატა იმნაძემ აღნიშნა ინტერვიუში, რომ რომელიღაც „ენჯეო” ლუგარის ლაბორატორიას საჯარო ინფორმაციის გაცემას სთხოვს და იმისთვის, რომ საკუთარი არსებობის გამართლება შეძლოს, ბიუროკრატიული საქმის საკეთებლად აცდენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედპერსონალს, რომელიც ანალიზების კვლევით უნდა იყოს დაკავებული.
ქართველი „ენჯეოშნიკის” ემბლემატური ფიგურა, ამჟამად, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, კარანტინში ადამიანის მოთავსებას თავისუფლების შეზღუდვას ადარებს, შესაბამისად, ნეგატიურ დატვირთვას სძენს მას, რაც, თავის მხრივ, მოცემულობიდან გამომდინარე, ანტისახელმწიფოებრივი აქტივობაა. ახლა კი, უსაქმურობისგან დამძიმებული, აპირებს კარანტინში მყოფი ადამიანების მონიტორინგს, რათა გამოავლინოს, ვაიდა, ვინმე ფლეისთეიშენის გარეშე ხომ არაა დარჩენილი და ასე ხომ არ ძალადობს მასზე სახელმწიფო. არადა სოციალური აქტივიზმისთვის სწორედ ახლაა გახსნილი ყველაზე ფართო ასპარეზი, მაგრამ, მაგალითად, იმ ფატზე, რომ „სპარის” თანამშრომლებს ხელმძღვანელობა მონურ პირობებში ამუშავებს და საწყობში ათენებინებს ღამეებს, „ენჯიო” სექტორი დუმს.
აბა, გაიხსენეთ პანდემიის შემდეგ რომელიმე „ენჯეო” აქტივობა. რასაკვირველია, არაფერი გაგახსენდებათ, რადგან დღეს ისინი სრულად გამოთიშულები არიან პოლიტიკურ და სოციალურ დღის წესრიგს. მათ აღარ აქვთ საშუალება, წარმოქმნან პრობლემა, რომლის გადაჭრის მეთოდებზეც შემდეგ მედიაში ისაუბრებდნენ, ამას ახლა მათზე წარმატებულად ოპოზიციური ფლანგი აკეთებს და ხელს ხომ არ შეუშლიან იმ საერთო მიზნისთვის ბრძოლაში, რომ იქნებ რაიმე ხერხებით სახელმწიფოს ლაქა მოსცხონ. „ენჯეოებისგან” სახელმწიფოს წინააღმდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან” უნისონში მოქმედების ჩემი ფავორიტი მაგალითი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა. „ენჯეოებმა” – სამართლიანმა არჩევნებმა, საია-მ და ეკა გიგაურის საერთაშორისო გამჭვირვალობამ ცრუ განგაში ატეხეს, ყალბ პირადობებს ბეჭდავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კარუსელის დასატრიალებლადო და ამის დასამტკიცებლად ნულოვანი მტკიცებულება წარმოადგინეს. ანუ იმოქმედეს იმ სტრატეგიით, რომლითაც სულდგმულობენ: მოიგონეს პრობლემა და დაიწყეს მისი მოგვარებისთვის მოჩვენებითი საქმიანობა, მხარი დაუჭირეს „ნაციონალურ მოძრაობას” და დაუფუძნებელი ბრალი დასდეს სახელმწიფო ინსტიტუტებს.
კორონავირუსმა გამოცდა მოუწყო ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის იმასაც, რეალურად, რისთვის არიან მოწადინებული ქართული „ენჯეოები”. დოსტოევსკის „ეშმაკნიდან” მიესადაგება იდეალურად მათ ერთი პასაჟი, რომელშიც ავტორი რუს ლიბერალებზე საუბრობს. ტექსტში რუსეთი რომ საქართველოთი ჩავანაცვლოთ, ასე გამოვა: ისინი საშინლად უბედურები იქნებოდნენ, საქართველო რომ როგორმე გადაწყობილიყო, თუნდაც მათ გემოზე და როგორმე გამდიდრებულიყო და გაბედნიერებულიყო. ასეთ დროს მათ არავისადმი ზიზღის გამოვლენის საშუალება აღარ მიეცემოდათ, არავის ფეხზე დაკიდება, არავის დაცინვა აღარ შეეძლებოდათ. მათ ორგანიზმში მხოლოდ ცხოველური, უკიდეგანო ზიზღია დაბუდებული საქართველოს მიმართ.
„ენჯეო” სექტორი საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ წამოიჭიმა კომფორტულად საჯარო სივრცეში, როდესაც დაგვიკანონდა ლიბერტარიანული ეკონომიკა და ნეოლიბერალური ეთიკა. სხვათა შორის, რაც უფრო დიდია ქვეყანაში ნეოლიბერალიზმით გამოწვეული ზიანი, მით უფრო მაღალია „ენჯეო” აქტივობა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კვლავ ლიბერალური დღის წესრიგისგან გვიწევს თავის დაღწევა, „ენჯეოებიც” აქტიურად განაგრძობენ ერთი მხრივ საზოგადოებისთვის არაფრისმომცემი, ხოლო ხშირად, ჩვენი მავნებლური, საქართველოსადმი ანტაგონიზმით აღვსილი ოპოზიციური სპექტრის დახმარებას და მხარდაჭერას. თუმცა გლობალურმა პანდემიამ, ცალსახად წარმოაჩინა, რომ ხალხის დაკვეთა ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც აუცილებელია, იყოს მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების აქტიური მიმწოდებელი, რომ ის უნდა ერეოდეს და არეგულირებდეს როგორც ბაზარს, ისე ბიზნესს, რომ სახელმწიფოს ბალანსზე უნდა იყოს უმეტესი წილი ინსტიტუციებისა, დაწყებული საავადმყოფოებით, დასრულებული სასწავლო დაწესებულებებით, რომ არაფერი ინდივიდური არაა ღირებული თუ კოლექტიურიდან არ გამომდინარეობს, რომ საკუთარ თავზე წინ სხვისი დაყენება თუ ვერ შეძელი, საკუთარი ვნებები არ შეზღუდე და ემპათია არ გაიჩინე, მხოლოდ მავნებლად გადაიქცევი. მოკლედ, როდესაც პანდემია გადაივლის და ხალხი სხვა თვალით შეხედავს როგორც სახელმწიფოს, ისე ეკონომიკისა და სოციალური ურთიერთობების არსებულ წესრიგებს, დაინახავს ლიბერალიზმის აღსასრულის ვარსკვლავს. მასთან ერთად კი ჩვენთან არსებული დამახინჯებული „ენჯეო” სექტორიც დაკარგავს ყოველგვარ დანიშნულებას და თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, სად არის „ენჯეო” სექტორი, ვუპასუხებთ, რომ მათ თვითლიკვიდაცია მოახდინეს”, – აცხადებს ბაჩო ოდიშარია.