“მოხდა ვირუსის დასადგენი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან კავშირზე გასვლა, მალე ეს აღჭურვილობა, შესაბამისი მედიკამენტები საქართველოში იქნება ჩამოტანილი”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საელჩოები, ელჩები და კონსულები ქვეყნისთვის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობენ.
მინისტრის თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით მოხდა ვირუსის დასადგენი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან პირდაპირ კავშირზე გასვლა და შესაბამისი მედიკამენტების საქართველოში ჩამოტანა უახლოეს მომავალში განხორციელდება.
“მინდა, საზოგადოებას ვაუწყო იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საქართველოს საელჩოები, ელჩები, კონსულები ახორციელებენ საქართველოსთვის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ჩვენი საელჩოები უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბელორუსში – სწორედ მათი აქტიური ჩართულობით მოხერხდა სპეციალური, დამცავი პირბადეების საწარმოებლად მასალის, კერძოდ, დოლბანდის საქართველოში ტრანსპორტირება.
ჩვენი საელჩოები, ასევე, ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულებით მედიკამენეტების, ტესტების საქართველოში ჩამოტანის პროცედურებში. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია საქართველოს საელჩოების საქმიანობა გერმანიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, აშშ-ში, შვედეთსა და იაპონიაში.
ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით მოხდა ვირუსის დასადგენი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან პირდაპირ კავშირზე გასვლა და ეს პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ეს აღჭურვილობა, შესაბამისი მედიკამენტები საქართველოში იქნება ჩამოტანილი”, – განაცხადა მინისტრმა.