ჩინელმა ექიმებმა ქართველ ექპერტებს კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ჩინეთის სიჩუანის პროვინციის წარმომადგენლებსა და ქართველ ექსპერტებს შორის შედგა რიგით მესამე ვიდეოკონფერენცია, რომლის მიზანიც კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება იყო. მსგავსი შინაარსის შეხვედრები გაიმართა, ასევე, 3 და 20 მარტს.

როგორც “კვირას” საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციის მსვლელობისას აღნიშნა, რომ კორონავირუსი არის მთელი მსოფლიოს წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევა. ჩინეთი და საქართველო, როგორც მეგობარი სახელმწიფოები და ახლო პარტნიორები, ერთად იბრძვიან ეპიდემიის წინააღმდეგ. ჩინეთი ღიად, გამჭვირვალედ და დიდი პასუხისმგებლობით მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას კაცობრიობის სიცოცხლეზე და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.

ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახელგანთქმულმა ექსპერტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესა და საქართველოს სხვა წარმომადგენლებს დაწვრილებით გააცნეს იზოლაციის, ვირუსის დიაგნოზისა და მკურნალობის მიმართულებით მიღებული გამოცდილება. მათ, ასევე, გულმოდგინედ უპასუხეს ქართველების შეკითხვებს სწრაფი ტესტების, უსიმპტომო პაციენტების სკრინინგისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

ამირან გამყრელიძემ, პირველ ყოვლისა, მიულოცა ჩინეთს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში მოპოვებული დიდი წინსვლა და მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის, მათ შორის, უკვე მესამედ ორგანიზებული ვიდეოკონფერენციისათვის. მისივე თქმით, ქართველი ექსპერტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის გამოცდილება, რადგან ეს დაეხმარება მათ ეპიდემიის უფრო სწრაფად დამარცხებაში.

ბატონმა ამირანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სპეციალისტები ყურადღებით მოუსმენენ ჩინელ კოლეგებს და მომავალშიც, იმედია, შეძლებენ ახლო კონტაქტის შენარჩუნებას. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, საქართველოს სახელით, დიდი მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებასა და სიჩუანის პროვინციას საქართველოსთვის გამოგზავნილი სწრაფი ტესტებისათვის, რომელთა ლაბორატორიული გამოცდის შედეგადაც, ქართული მხარე ძალიან კმაყოფილი დარჩა. ბატონმა ამირანმა აღნიშნა ისიც, რომ ამჟამად პეკინში საქართველოსთვის მზადდება კიდევ ერთი რეისი სამედიცინო აღჭურვილობისათვის, რომლის ჩამოსვლასაც მოუთმენლად ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები