ლევან რატიანი: რეანიმაციაში მყოფი 9 პაციენტიდან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, რეანიმაციაში მყოფი 9 პაციენტიდან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
“ამ ეტაპზე, კლინიკაში 81 პაციენტი იმყოფება, აქედან 66 კორონავირუსით არის ინფიცირებული. დანარჩენ პაციენტებზე ლუგარის ლაბორატორიიდან ველოდებით შედეგებს და თუ დადასტურდება უარყოფითი შედეგები, პაციენტები გაეწერებიან კლინიკიდან პროტოკოლის დაცვით.
ამ მომენტში, რეანიმაციაში 9 პაციენტი გვყავს. მათი მდგომარეობა, მეტნაკლებად, სტაბილურია. აქედან სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, რაც შეეხება დანარჩენებს – ისინი იმყოფებიან სიმპაბ ვენტილაციაზე, მაღალ სიხშირული ოქსიგენაციით.
42 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება – მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა კომპიუტერული ტომოგრაფიით, ეს პაციენტი გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში რამდენიმე საათის წინ.
რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესებულია. ესეც არის ახალგაზრდა პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა მკვეთრი დარღვევით. ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია”,- განაცხადა რატიანმა.