ილია მეორე: ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს, უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული

“მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად ასე, ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ღმერთი გვაძლევს ძალას”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ მორწმუნეებს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

“გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად ასე, ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას, უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ბზობა ეს დიდებული დღესასწაულია, მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა, ადამიანის განწმენდა. როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ახლა არის, უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი, რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული.

ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგცემს შენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი.

გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას, ეს არის ჩვენი განწმენდა. უფალმა ძალი ერსა თვისსა მისცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. მაგრად იდექით, აი, სხვები ლაპარაკობენ, უცხოეთში ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო, სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, თვითონ ვიცით, რომ ქართველი ადამიანი ძლიერია სულით. გაგაძლიეროთ უფალმა, უფალმა ძალა მოგცეთ, გაკურთხოთ“,- განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები