იმერეთის რეგიონში კორონავირუსისგან სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა, ორი კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში.
“ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, ახლახანს მივიღეთ პასუხები და ისინი კლინიკას მალე დატოვებენ. გუშინ გვიან ღამით კიდევ ერთი პაციენტის პასუხი მივიღეთ, რომელიც ასევე გამოჯანმრთელებულია. ასევე გაკეთებული გვქონდა ანალიზები ორ საეჭვო პაციენტზე და უარყოფითი აღმოჩნდა. კარანტინში კი რვა ადამიანი რჩება”, – განაცხადა საჩხერის სამედიცონო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 242 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 60, გარდაცვლილი -3. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინში 4856 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 პირია.