ნინო ლომჯარია: ყველამ სავალდებულო წესით უნდა ვატაროთ პირბადე სხვების დასაცავად
“ყველამ სავალდებულო წესით უნდა ვატაროთ პირბადე სხვების დასაცავად”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს.
როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, პირბადეების ტარება სავალდებულო თუ არა, მკაცრად რეკომენდებული უნდა იყოს.
„მოკლედ, დიდი კამათია მსოფლიოში, გვიცავს თუ არა პირბადე დავირუსებისგან. ექსპერტები ამბობენ, რომ ის მხოლოდ დაავადებულმა და არა ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა ატაროს, რათა სხვებს არ გადასდოს. ამ ლოგიკითაც კი, იმ ვითარებაში, როდესაც გვეუბნებიან, რომ თითოეული ადამიანი დღეს ვართ ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მაშინ ყველამ სავალდებულო წესით უნდა ვატაროთ პირბადე სხვების დასაცავად და თუ ყველა ვატარებთ, ვირუსის გავრცელებაც ნაკლები იქნება. არა?
ამიტომ, მგონია, რომ პირბადეების ტარება სავალდებულო თუ არა, მკაცრად რეკომენდებული უნდა იყოს. ეს, სავარაუდოდ, იმიტომ არ ხდება, რომ კიდევ უფრო დიდი დეფიციტი არ შეიქმნას ბაზარზე (ყოველ შემთხვევაში, ანტონი ფაუჩიმ ერთ-ერთ ინტერვიუში დეფიციტით ახსნა, რატომ არ იყო მათი თავდაპირველი რეკომენდაცია ამერიკელებისადმი პირბადის ტარების სავალდებულო ხასიათი)“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.