ლევან რატიანი: ლენტეხიდან ჩამოყვანილ პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, გამოვლინდა ორმხრივი, მწვავე პნევმონია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ლენტეხიდან ჩამოყვანილ პაციენტს ორმხრივი, მწვავე პნევმონია აღენიშნება და თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 53 პაციენტია მოთავსებული, ამ ეტაპზე, ახალი შემთხვევა არ დამატებულა.
„ამ ეტაპზე, კლინიკაში წევს 64 პაციენტი. მოგეხსენებათ, როდესაც ვირუსზე უარყოფითი პასუხი მოდის, ჩვენი პაციენტები საკარანტინო ზონაში გადადიან, თუ ისინი სამკურნალო დაწესებულებაში მოვლასა და მზრუნველობას არ საჭიროებენ. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს – გვაქვს 53 შემთხვევა. ამ ეტაპზე, ახალი შემთხვევა არ დამატებულა. დინამიკაში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ შეცვლილა.
ლენტეხიდან ჩამოყვანილ პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, რაც პროტოკოლით მოწოდებულია. გამოვლინდა ორმხრივი, მწვავე პნევმონია და თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს“, – აღნიშნა რატიანმა.