კონსტანტინე გამსახურდია: 1989 წლის 9 აპრილი – ღამე, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, გარკვეულწილად, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაც
პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია 9 აპრილთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ წერს.
„ჩვენ თვალწინ არნახული სისწრაფით ჩაიქროლა ისტორიამ 9 აპრილიდან 9 აპრილამდე. ზვიად გამსახურდია წერდა: “9 აპრილი იყო უდიდესი ტრავმა, მაგრამ მან დაიწყო ახალი ეტაპი, რომელმაც ჩვენი ეროვნული მოძრაობა, რომელიც, ძირითადად, ინტელიგენციისა და ახალგაზრდობის მოძრაობა იყო, საერთო სახალხო მოძრაობად აქცია”.
1989 წლის 9 აპრილი: ღამე, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, გარკვეულწილად, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაც;
ღამე, როდესაც ყველა იქ შეკრებილისთვის წარმოუდგენელი იყო უხეში, საზარელი ძალის წინაშე შიში, კუდის ამოძუება, საკუთარ პოზიციაზე უარის თქმა;
ღამე, როდესაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამლავი გაზი გამოიყენეს, რასაც არავინ იფიქრებდა, ამიტომაც ასფიქსია იყო ძირითადი მიზეზი სიკვდილისა.
ღამე, როდესაც მერაბ კოსტავამ თავის მგზნებარე გამოსვლაში ესოდენი ემოციური მუხტით აღნიშნა, დიდებულია, ასე ერთიანად, ასე შეკრულად რომ წარდგაო ქართველი ერი ღვთის წინაშე.
ორი წლის თავზე დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს გავდა დავით აღმაშენებლის მისვლას ანისის აღებისას სელჩუკთაგან მოკლული დედოფლის საფლავთან სიტყვებით – “გიხაროდენ, დედოფალო, რამეთუ ღმერთმა იხსნა შენი ტაძარი უსჯულოთაგან”, – სამჯერ ჩასძახა თურმე.
ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის აქტის წარდგენას თუ ცოტა სხვანაირი თვალით შევხედავთ, ფაუსტის სიტყვები გაგვახსენდება: “შეჩერდი, წამო, რა მშვენიერი ხარ!”
“იქმენინ ნათელი” – ეს კი ღვთის სიტყვებია, როდესაც შედეგი დაინახა.
და ბოლოს, როგორ გამომაფხიზლებლად ჟღერდა სახალხო ეიფორიის ფონზე – კარგია ზეიმი, ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყებაო.
დიახ, ეს იყო 9 აპრილიდან 9 აპრილამდე“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.