EBRD-სა და ADB-ის პრეზიდენტებმა გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციისას დაადასტურეს მზაობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დაბრუნებაში დაეხმარონ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-სა და ADB-ის მიერ საქართველოს კერძო სექტორისთვის, ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს პოსტკრიზისული ზომები და დახმარება, რომელიც შეიძლება, საქართველომ საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღოს, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს იმ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების გაგრძელება, რომლებიც დღესაც ხორციელდება მოქალაქეებისა და კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად.

აღინიშნა, რომ სამთავრობო გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც EBRD-სა და ADB-ის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ისე – სათავო ოფისებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე.

საფინანსო ინსტიტუტების პრეზიდენტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო კრიზისს წარმატებით უმკლავდება, იძლევა საფუძველს, ითქვას, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიბრუნებს ეკონომიკური განვითარების იმ ტემპსა და პოზიციებს, რომელიც ქვეყანას 2020 წლის დასაწყისში ჰქონდა. სუმა ჩაკრაბარტიმ და მასაცუგუ ასაკავამ დაადასტურეს მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ EBRD და ADB საქართველოსთვის ძალიან ძლიერი და სერიოზული პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების უმნიშვნელოვანესი პროექტები დააფინანსა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ნაწილში. აღინიშნა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ყველა მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, კრიზისის მიუხედავად, დღესაც განხორციელების აქტიურ ფაზაშია.

მთავრობის მეთაურმა EBRD-სა და ADB-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ვიცე-ლპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები