ლევან დავითაშვილი: მე შეიძლება, ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობაზე საუბარი გულისხმობს საგანგებო უფლებებს კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც.
“როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ეს გულისხმობს საგანგებო უფლებებს კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ მე შეიძლება, ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს, რადგან ამას ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის გარკვეული მერყეობა და გარკვეული ზრდა, იგივე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში. ეს არის დროებითი მოვლენა, ერთი მხრივ და ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც რამდენიმე პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ანუ ჩვენ, რეალურად, იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ, მიიღონ კომპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.