გიორგი ანდრიაძე: რანაირად შეიძლება, მოხდეს ვირუსის გავრცელება ეკლესიიდან? ვერ წარმომიდგენია, ეკლესია წესებს სამაგალითოდ იცავს
“რანაირად შეიძლება, მოხდეს ვირუსის გავრცელება ეკლესიიდან? მე ეს ვერ წარმომიდგენია”, – ამის შესახებ პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, გიორგი ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი ანდრიაძე ამბობს, ეკლესია კორონავირუსის გავრცლების პრევენციისთვის რეკომენდაციებს სამაგალითოდ იცავს.
„მრევლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორიტეტი არის ეკლესიის ხმა, ანუ პატრიარქისა და წმინდა სინოდის ხმა. ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და სხვების აზრი მეასეხარისხოვანია. ასე რომ, პაატა იმნაძე იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი, უნდა დაელაპარაკონ ეკლესიას და რასაც ეკლესია გადაწყვეტს, მრევლი განახორციელებს იმას.
ეკლესია სამაგალითოდ იცავს წესებს. მე პირადად მაქვს აღნუსხული ძალიან ბევრი ფაქტი, ტელეფონით მაქვს გადაღებული, როცა ხდება წესების დარღვევა – მშენებელობები, რომლებიც რატომღაც მიმდინარეობს თბილისში გამალებით, პირბადის გარეშე 6 კაცი ერთად ექაჩება სხვადასხვა სამშენებლო მასალას. ეს ხდება დილიდან საღამომდე მაშინ, როდესაც ეკლესიაში ლოცვა არის 1 საათით. ყველა კარგად ხედავს, რომ ორმეტრიანი დისტანციით დგას ხალხი პირბადეებით, ერთმანეთს ხელსაც არ ართმევს, შორიდან ესალმება და მიდის სახლში. რანაირად შეიძლება, მოხდეს ვირუსის გავრცელება ეკლესიიდან, მე ვერ წარმომიდგენია.
ზიარების თემას რაც შეეხება – ზიარებაში ეჭვის შეტანა ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის ქრისტეს უარყოფას ნიშნავს. თუ ჩვენ ეჭვს შევიტანთ იმაში, რომ ზიარებაში არ არის ქრისტეს სისხლი და ხორცი ჭეშმარიტად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარი გვითქვამს ჩვენს სარწმუნოებაზე. ამაზე კვალიფიციური პასუხი გაეცა კორონაისტერიის დასაწყისშივე და მერე გაჩერდნენ. ზიარება ერთი კოვზიდან – ეს არის ფუნდამენტური საფუძველი მართლმადიდებლობისათვის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პირადად ღმერთთან“, – განაცხადა ანდრიაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მრევლს სახლში ლოცვისკენ მოუწოდა.
„მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლს. დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არამარტო ამ ვირუსისაგან, არამედ სხვა ვირუსებისაგანაც. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.
თამუნა შეყილაძე