მაია ცქიტიშვილი Foreign Policy-ის სტატიაზე: მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ჩანს საქართველოს წარმატებები
„მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ჩანს საქართველოს წარმატებები და, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ სინამდვილეში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია წარმატებას ბევრ სხვა სფეროშიც”, – ასე უპასუხა ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მედიის კითხვას Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების შესახებ.
მინისტრის თქმით, პანდემიის გავრცელების შესაკავებლად “ქართული ოცნების” გუნდმა ყველა ღონისძიება გაატარა და კოორდინებულმა მუშაობამ გამოიღო ის შედეგი, რომელიც უკვე თვალნათლივ ჩანს უცხოელი პარტნიორებისთვისაც.
“ხშირ შემთხვევაში, ჩვენ არ ვაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და, ალბათ, ეს რთული დრო მოგვცემს იმის დანახვის საშუალებასაც, რომ ძალიან ბევრ სფეროში ჩვენ მივაღწიეთ წარმატებებს. ესაა წარმატებები ჯანდაცვის, თავდაცვის, სამართალდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ზოგადად სხვა სფეროებში, რომლებსაც ჩვენ სხვა დროს შესაძლოა არ ვაფასებდით. დღეს ეს წარმატებები ჩანს. დღეს ჩანს უკვე, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო ვყალიბდებით. ჩანს ის კოორდინირებული ერთიანი მოქმედება, რომელიც პირველივე დღიდან იყო ჩვენი გუნდის ხელწერა და ეს ეხება ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული უკლებლივ ყველა რგოლს, როგორც მუნიციპალიტეტებიდან, ისე ტურზმის სფეროდან, ეკონომიკის სამინისტროდან, ჯანდაცვიდან. უკლებლივ ყველა სექტორი მუშაობდა იმისათვის, რომ ჩვენ პირველ ყოვლისა არ დაგვეშვა გლობალური პანდემიის დიდი გავრცელება საქართველოში. ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვატარებდით იყო თანმიმდევრული, პრევენციული ხასიათის და სწორედ მთელი „ქართული ოცნების“, მთელი სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ის შედეგი, რომელიც უკვე თვალნათლივ ჩანს და რომელიც თვალსაჩინოა უკვე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც. თუ გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდში დგომას ჩვენი წარმატება იქნება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო სამაგალითო და ეს მისცემს ჩვენ ქვეყანას არსებული გამოწვევის სრაფად გადალახბვის ძალას”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.