დიმიტრი ხუნდაძე: ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს, უნდა შესრულდეს თითოეული მოქალაქის მიერ, თუ გვინდა, რომ სასურველ შედეგზე გავიდეთ
„პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ იმ რგოლში, რომელიც პროცესს მართავს, არამედ – მთლიანად საზოგადოებაში, ერთმანეთის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.
მან რეკომენდაციების მაქსიმალურად შესრულებისკენ მოუწოდა მოსახლეობას და განსაკუთრებით სოციალური დისტანცირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს, უნდა შესრულდეს თითოეული მოქალაქის მიერ, თუ გვინდა, რომ სასურველ შედეგზე გავიდეთ. ჩვენ გავიარეთ შეკავების ფაზა კარგი შედეგით, ანუ პროცესი სწორად ვმართეთ. ამას მოჰყვა პრეკრიზისული ფაზა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ვემზადებით უკვე კრიზისული ფაზისათვის. ვხედავთ, რომ დაფიქსირებული შემთხვევების მატება უკვე შესამჩნევია. ეს მოლოდინიც გვქონდა. ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რაც სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. ამიტომ დღეს პრემიერის მითითება იყო აბსოლუტურად სწორი, შესაბამისი და დროული, რომ კიდევ ერთხელ გადაკონტროლდეს კლინიკების მზაობა, რადგან ახლა, როცა შევალთ კრიზისულ ფაზაში, ყველაზე მეტი დატვირთვა იქნება ჯანდაცვის სექტორზე. რა თქმა უნდა, დამატებითი რევიზია სჭირდება, როგორ არიან კლინიკები მომზადებული, როგორ არის მედპერსონალი გაწერილი, როგორია ჩანაცვლების კოეფიციენტი, როგორია მარაგები, რათა თუ სადმე ხარვეზია, დროულად გასწორდეს. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საკოორდინაციო საბჭოში ვარ წარმოდგენილი, მაგრამ დამატებით ახლა გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ საზედამხედველო ფუნქცია შევასრულო და მოვახდინო რევიზია, თუ როგორია ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის მზაობა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.