ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად გაგრძელდება

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა და სასოფლო-სამეურეო კულტურების დაცვა მავნებლისგან შეუფერხებლად გრძელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს რეგიონებში – სოფლების შესასვლელებში, მიტოვებული შენობების მიმდებარედ და ტყისპირა ზოლებში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემებს ამონტაჟებენ.
“აღნიშნული სადგურები მავნებლის იდენტიფიკაციისა და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება შეწამვლითი სამუშაოები.
ამჯერად მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა სამეგრელოს რეგიონში – აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მონიტორინგის სისტემები ეტაპობრივად განთავსდება საქართველოს ყველა რეგიონში.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, რომლებიც ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან დასაცავად ხეხილისა და თხილის ბაღებში აგროკალენდრით გათვალისწინებულ შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებენ.
როგორც ფერმერები აცხადებენ, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონ,ისძიებების შედეგად მიმდინარე წელს ფაროსანას რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინირებულ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge
#ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას
#ფაროსანას საწინააღმდეგოღონისძიებები 2020”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები