ზვიად გოგიაშვილს, ბანკში ცემის გამო, მორალური და მატერიალური ზიანი აუნაზღაურდა
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობის შედეგად, ზვიად გოგიაშვილს, TBC ბანკსა და ბანკის სესხების ყოფილ ექსპერტ მ.კ.-ს შორის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოებული დავა მორიგების საფუძველზე დასრულდა. დაზარალებულს ერთჯერადი კომპენსაცია ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა აუნაზღაურა, ბანკმა კი ზვიად გოგიაშვილის მიმართ არსებული გარკვეული საკრედიტო ვალდებულებების მოთხოვნაზე უარი თქვა.
ახალგაზრდა ადვოკატების ცნობით, შედეგად, ზვიად გოგიაშვილმა უარი თქვა სარჩელზე და ს.ს. „თიბისი ბანკისა“ და ბანკის სესხების ყოფილი ექსპერტის მიმართ წინამდებარე დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, დავის საგნის ირგვლივ ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს პოლიციაში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, არბიტრაჟში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2020 წლის 16 მარტს მიიღო, რომელიც უკვე შევიდა კანონიერ ძალაში.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შემთხვევა 2019 წლის 3 ივნისს, ქ. თბილისში, მეტროსადგური ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“ მდებარე „თიბისი ბანკში“ ზვიად გოგიაშვილის ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეზე TBC ბანკის სესხების ყოფილმა ექსპერტმა ფიზიკურად იძალადა, რამაც გამოიწვია ცხვირის არეში მოტეხილობა. 2019 წლის 14 ივნისს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის დადგენილებით, მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი. ბანკმა თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა, ზვიად გოგიაშვილის მიმართ დამდგარი შედეგი კი თვითდაზიანებად შეაფასა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ფაქტს 2019 წლის 7 ივნისს გამოეხმაურა, ბანკს საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტრატეგიულ სამართალწარმოებას იწყებდა. შედეგად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდნეტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესა და დასაბუთებული სარჩელით – სასამართლოს. 2019 წლის 2 ივლისს, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულეთა უზრუნველყოფის შესახებ და TBC ბანკს დაევალა მოქალაქის ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაცემა, რომელმაც თვალსაჩინო გახადა შემთხვევის ადგილზე მოვლენის განვითარება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება დავის მორიგებით დასრულების პრეცედენტს და აღნიშნავს, რომ დასაფასებელია სასამართლოს ძალისხმევა დავა დასრულებულიყო მორიგებით, რაც მოსარჩელის ინტერესსაც წარმოადგენდა. ამასთან, მისასალმებელია TBC ბანკის საბოლოო ძალისხმევა საქმეზე დამდგარი შედეგისთვის, რაც, სასამართლო განხილვებისა და, დაფიქსირებული პოზიციების მიუხედავად, არის ბანკსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის კარგი მაგალითი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართულ საბანკო სფეროში შეიქმნა პრეცედენტი, რომლითაც მომავალში უნდა გამოირიცხოს მსგავსი ხასიათის შემთხვევები.
ცნობისთვის, ზვიად გოგიაშვილმა სასამართლოს სარჩელით 2019 წლის 27 აგვისტოს მიმართა. საქმე მოსამართლე ლია ავალიშვილმა განიხილა. მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავდა.