დიმიტრი ხუნდაძე: ოპონენტების კრიტიკა კრიტიკისთვის არ უნდა იყოს, დახმარება არის ის, რასაც დღეს ხელისუფლება აცხადებს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანლის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპონენტების მხრიდან კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი. მისი თქმით, ხელისუფლების ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი შეეხება როგორც მოქალაქეებს, ასევე – ბიზნესს, ეკონომიკას.
„ოპონენტებს ვურჩევდი, კრიტიკა კრიტიკისთვის არ იყოს და ეს არ იყოს პოლიტიკური კეკლუცის საგანი, დახმარება არის ის, რასაც დღეს აცხადებს ხელისუფლება, მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“, დახმარების ერთი პაკეტი შეეხება ერთ ჯგუფს,მეორე – მეორე ჯგუფს და, ზოგადად, ვეცდებით, მოვიცვათ და მათი სოციალური მდგომარეობა შევინარჩუნოთ, ასევე გავუფრთხილდეთ ეკონომიკას, რომ არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები და ეპიდემიის დასრულების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ეკონომიკა სასტარტო მდგომარეობას.
ეს ყველაფერი დათვლადია, ვინც შექმნილი ვითარების გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ამას სჭირდება დრო, ბევრი არა, მაგრამ დრო მაინც სჭირდება. ეს უნდა დაითვალოს, შემდეგ დაითვალოს, ასევე, რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გავალთ იმ შესაძლებლობების ზღვარზე, რომ არ დავაზიანოთ ქვეყანა, ბიუჯეტი, ეკონომიკა, რათა შეუქცევადი პროცესი არ მივიღოთ და, ასევე, ეს იყოს ზღვარი, რომ თითოეული მოქალაქე არ დადგეს სოციალური რისკის ქვეშ“, – განაცხადა დეპუტატმა.