მაიკ პომპეო რუსეთს, ჩინეთსა და ირანს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩინეთი, ირანი და რუსეთი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით “დეზინფორმაციული კამპანიების” გამართვაში ისევ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ სურთ ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით “დაბნეულობა” გამოიწვიონ.
კერძოდ, ჩინელი, ირანელი და რუსი პროპაგანდისტები პანდემიასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიას ავითარებენ და ამტკიცებენ, რომ COVID-19 მსოფლიოში ამერიკელი სამხედროების მიერ იყო გავრცელებული მაშინ, როდესაც ვირუსთან დაკავშირებით პირველი ცნობები ქალაქ უხანიდან მოვიდა, და არსებობს ვარაუდი, რომ მისი გავრცელება ღამურებიდან მოხდა.
“ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ირანი და რუსეთი, არამედ ჩინეთიც და სხვებიც ცდილობენ საკუთარი ინტერპრეტაციების გავრცელებას”, – აღნიშნავს პომპეო.
“სხვადასხვა ინტერპრეტაციაა, მაგრამ ყველა მათგანში ერთიდაიგივე კომპონენტია, რომელიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ითვალისწინებს და მსოფლიოში დაბნეულობა გამოიწვიონ, დაბნეულობა იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ რეაგირებს სხვადასხვა ქვეყანა მასზე. მნიშვნელოვანია, ეს ინტერპრეტაციები იყოს დაკორექტირებული”, – აღნიშნა პომპეომ.