მარინა ენდელაძე: მალე დავიწყებთ გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან სისხლის აღებას, მის დამუშავებასა და, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების მკურნალობას
“კორონავირუსის შიდა გავრცელებას ჯერ მასობრივი ხასიათი არ მიუღია, რასაც დაინფიცირებულთა რაოდენობა ადასტურებს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ “რუსთავის ორის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან სისხლის აღება, დამუშავება და მათი მეშვეობით იმ პაციენტების მკურნალობა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმე იქნება.
“კორონავირუსის შიდა გავრცელებას ჯერ მასობრივი ხასიათი ნამდვილად არ მიუღია, რასაც ადასტურებს დაინფიცირებულთა რაოდენობა. დღეიდან ალგორითმი შეიცვალა, ანუ სხვადასხვა გამოკვლევა გაკეთდება, ეს გახლავთ პისიარ კვლევა. გარდა ამისა, ჩატარდება კვლევები ანტიგენსა და ანტისხეულზე. თუ რომელი კვლევა უნდა ჩატარდეს, ამას გადაწყვეტს უშუალოდ ექიმი. ამავე დროს, შეიცვალა კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები, ანუ ის ადამიანები, ვინც ჩაერთვებიან. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი, რომელსაც აქვს СOVID19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები. გარდა ამისა, პნევმონიით დაავადებული პაციენტები, ცხელებით ჰოსპიტალიზებული პაციენტები – ასევე, რისკჯგუფები. ყველა ადამიანს ჩაუტარდება, ვისაც ექნება შესაბამისი სიმპტომატიკა.
ჩემი თითქმის ყველა თანამშრომელი უკვე რამდენჯერმეა გამოკვლეული, ვინაიდან ვართ გარკვეული რისკჯგუფი და, შესაბამისად, მივიჩნევით შესაძლო შემთხვევად. ჯერჯერობით, არავის დადასტურებია და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ანტისხეულები გადაესხმება და დაეხმარება ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში. ამ საკითხისათვის გადადგმულია უკვე ნაბიჯები. მიმდინარეობს ამ საკითხზე შეთანხმებები და მალე დავიწყებთ გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან სისხლის აღებას, მის დამუშავებას და, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას პაციენტების. ეს იმ შემთხვევაში დაგვჭირდება, როდესაც მძიმე იქნება პაციენტი”, – განაცხადა ენდელაძემ.