სახალხო დამცველი: მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს
“მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს.
ლომჯარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მიმართავს და მოუწოდებს, სოციალური დისტანცირებისა და იზოლაციის წესები მკაცრად დაიცვან.
„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ძალიან საგანგაშო ინფორმაციაა. იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სისტემა სავალალო მდგომარეობაშია (იქ მცხოვრები მოსახლეობა სამედიცინო სერვისებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ან რუსეთში იღებს), შექმნილი ვითარება ჰუმანიტარული კრიზისის რეალურ საფრთხეს ქმნის.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებო ჩვენო თანამოქალაქენო, მკაცრად დაიცავით სოციალური დისტანცირებისა და იზოლაციის წესები! დარჩით სახლში!
მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მზადაა, აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს! დღეს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ხელისუფლებამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითა და ჩართულობით), რათა მოხდეს მოსახლეობისთვის შესაბამისი სამედიცინო და პრევენციული დანიშნულების მასალის მიწოდება“, – წერს ლომჯარია „ფეისბუქში“.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედიკოსების განმარტებით, 29 მარტს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან გვიან ღამით შემოყვანილ შუახნის ქალს, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.
თამუნა შეყილაძე