კორონავირუსის გამო, ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახადო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა.
აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატებისა და პოსტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატებისა და პოსტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

„ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში)“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

იმისთვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტგადახდის სერვისები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართონ ეროვნულ ბანკს ელექტრონულ მისამართზე – info@nbg.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები