ქართველ ჯარისკაცებს საქართველოში დამზადებული პირბადეები გადაეცათ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების პირველი პარტია გადაეცა.
აღნიშნული დეფიციტური პროდუქტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული. პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება, პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება.
ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და სხვა მოხელეებს, რომლებსაც, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, ასევე, იმ სასტუმროების პერსონალს, სადაც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით, საკარანტინო ზონებია შექმნილი. ამასთან, პირბადეების გადაცემის პროცესი მომავალშიც გავრცელდება.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტის – პირბადეების წარმოება დაიწყო.