დავით ჩიხელიძე: ეკლესიის ქმედება სრულად პასუხობს საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედ რეგულაციებს

„სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში საეკლესიო რიტუალის შესრულების დროს დისტანციის დაცვის ფაქტები გახშირდა”, – ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით ასრულებს „შვიდგზის ზეთისცხების” რიტუალს.

„თეოლოგი არ ვარ და არც რელიგიურ საკითხებზე საუბარი მჩვევია, მაგრამ მსურს, ერთი შემთხვევის შესახებ გიამბოთ, რომელიც უშუალოდ ვნახე.

როგორც მოგეხსენებათ, ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს. გარკვეულ მიზეზთა გამო, ზესტაფონში მომიწია ყოფნა, აღნიშნული ფოტოები კი დღეს ზესტაფონის ერთ-ერთი ეკლესიის ეზოშია გადაღებული, სადაც ღვთისმსახურებას და „შვიდგზის ზეთისცხების” რიტუალს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ასრულებს. ვხედავთ, რომ მრევლს შორის დაცულია დისტანცია, არ არის ქაოსი, ეკლესიის ქმედება კი სრულად პასუხობს საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედ რეგულაციებს. სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში, საეკლესიო რიტუალის შესრულების დროს, დისტანციის დაცვის ფაქტები გახშირდა.

დღეს მე ვსაუბრობ იმის შესახებ, რაც პირადად ვნახე და ვისურვებ, რომ ყველა ადამიანმა, ერმაც და ბერმაც მეუფე მელქისედეკს მიბაძოს, რომელიც საქმით გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და საეკლესიო წესები ერთმანეთს ხელს არ უშლის და აღნიშნული ორი მოცემულობის ერთდროულად წარმატებით შესრულება შესაძლებელია”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები