დიმიტრი ხუნდაძე: თუ საზოგადოება ადეკვატურად არ მოიქცა და ეპიდვითარება გართულდა, საყოველთაო კარანტინის შემოღების საკითხი დადგება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანლის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შემთხვევების ნახტომისებური ზრდა არ მივიღოთ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, რაც სახლში დარჩენით უნდა გამოიხატოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში და ძალიან მალე შევალთ კრიზისულ პერიოდში, ვითარება კონტროლირებადია, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შემთხვევებისა და გართულებული შემთხვევების ნახტომისებური ზრდა არ მივიღოთ იმისთვის, რომ შემდეგ ეს ტვირთი არ აღმოჩნდეს იმაზე მეტი, ვიდრე ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, დაძლიოს და აწიოს. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება. სახლში დარჩენით საზოგადოება ძალიან დაგვეხმარება, რომ პროცესები სწორად ვმართოთ. თუ გადაუდებელი შემთხვევების მიღმა ქუჩაში იმოძრავებენ აქტიურად, ისინი ძალიან შეგვიშლიან ხელს პროცესების მართვაში და იმაში, რომ შევაჩეროთ, შევაფერხოთ მასიური გავრცელება“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, თუ ეპიდვითარება გართულდა, საყოველთაო კარანტინის შემოღების საკითხიც დადგება.

„შესაძლოა, თუ არ იქნა ადეკვატური ქცევა საზოგადოებისა და ეპიდვითარება გართულდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ. როცა გადაუდებელი საჭიროება დადგება მისი შემოღების, ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თავიდან ავიცილოთ მასიური გავრცელება. ამაზე გუნდი მსჯელობს. ეპიდვითარებაზე და საზოგადოების ადეკვატურ ქცევაზე არის დამოკიდებული გამოცხადება. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ეპიდვითარებას და მით უმეტეს ევროპაში, სადაც დაბინძურების ხარისხი არის მაღალი, გავრცელების მაჩვენებლები მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალობისაც არის მზარდი, შესაძლოა, ამ სცენარებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, უფრო ადრე დაგვჭირდეს საკარანტინო რეჟიმის შემოღება, ვიდრე ეს იქნება აღდგომა“, – განაცხადა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები