პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევები არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის პოზიტიურ შედეგებზე მიუთითებს
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ანალიტიკური კვლევები არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის პოზიტიურ შედეგებზე მიუთითებს. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კვლევებმა აჩვენა, რომ შენარჩუნებულია ტენდენცია და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ პროკურატურა, პირველ ყოვლისა, მისი განრიდების შესაძლებლობას განიხილავს. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება არასრულწლოვანთა მიმართ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება.
“არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა სისტემატურ მონიტორინგს როგორც განრიდების, ასევე – სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, გენერალური პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოს მიერ ყოველწლიურად ხორციელდება არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის ანალიზი, ბრალდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი და განრიდებულ არასრულწლოვანთა ზოგადი მახასიათებლების კვლევა.
კვლევებში, სტატისტიკურ ინფორმაციასთან ერთად, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ტენდენციებია მოცემული.
განრიდება-მედიაციის პროგრამის 2019 წლის ანალიზი საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ რამდენად მოხერხდა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების ფარგლებში არასრულწლოვნისთვის ისეთი სერვისების შეთავაზება, რომლებიც კომპლექსურად უზრუნველყოფენ პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას, ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებას, დესტრუქციული ქცევის დაძლევასა და საზოგადოებაში მისი შემდგომი ინტეგრაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
ბრალდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზში წარმოდგენილი ინფორმაცია თანმიმდევრულად ასახავს, როგორ ხდება არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და ეფუძნება თუ არა ის ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ანალიზი გვაძლევს პრაქტიკაში არსებული პრობლემების დანახვის შესაძლებლობას. პრობლემების იდენტიფიცირება კი არასრულწლოვანთა მიმართ შემდგომი სწორი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრის საფუძველია.
განრიდებულ არასრულწლოვანთა ზოგადი მახასიათებლების კვლევა განრიდებულ არასრულწლოვანთა ინდივიდუალურ შეფასებებში ასახული ზოგადი მახასიათებლების საფუძველზე ხორციელდება და საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ არასრულწლოვნის ქცევის შესაძლო გამომწვევი ფაქტორები. კვლევა მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო, პრევენციული, ბავშვის მხარდამჭერი და ა.შ. ხასიათის ღონისძიებათა სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. კვლევაში ასახული ინფორმაცია საყურადღებოა სოციალური, საგანმანათლებლო მიმართულებითაც.
განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შენარჩუნებულია ტენდენცია და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ პროკურატურა, პირველ ყოვლისა, მისი განრიდების შესაძლებლობას განიხილავს. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება არასრულწლოვანთა მიმართ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება. სასამართლოდან განრიდების მიზნით დაბრუნებული საქმეების დაბალი მაჩვენებელი ცალსახად მიუთითებს პროკურორების მიერ გადაწყვეტილების სწორ და დროულ მიღებაზე. მცირეა განრიდების/განრიდება-მედიაციის ხელშეკრულების დარღვევის მაჩვენებელი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროგრამის ეფექტიანობას. ამასთან, დაბალია განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელიც. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ 2019 წელს განხორციელდა 2010-2018 წლებში განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის კვლევა, რომლის თანახმადაც რეციდივი მხოლოდ 9%-ია. რაც შეეხება კრიმინოლოგიურ კვლევას – შედეგებმა გამოკვეთა გარკვეული საკითხები, რომელთა გადაწყვეტა, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, სხვადასხვა უწყებების კომპლექსური ჩართულობის აუცილებლობას უსვამს ხაზს”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.