სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არცერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყების ცნობით, ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სამინისტრო აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.
თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასა და სხვა პროფესიულ ჯგუფებს, წინასწარ არ გაავრცელონ ინფორმაცია და სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა, დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე – მკაფიო სამედიცინო დასკვნებს.