“კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა. მინდა აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის დაუღალავად შრომობს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური Facebookგვერდის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს.
ელჩი საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკოსებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სწორი მიდგომების არჩევას ულოცავს.
“ახლა მე სახლიდან გესაუბრებით. დღეს ნამდვილად უპრეცედენტო პერიოდია როგორც საქართველოსთვის, ისე – მთელი მსოფლიოსათვის. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა. ამ გამოწვევაზე მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს, ალბათ, სხვებზე უკეთ ვიცით. იტალიიდან და ესპანეთიდან მიღებული მონაცემები ამის დასტურია. ამ კონტექსტში მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს პოლიტიკოსებს სწორი გზისა და მიდგომის არჩევა, რაც ადრეულ და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატა. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის. ეს კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშაო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად. ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით სპეციალური ზომების მიღებას ეკონომიკის, ბიზნესისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. ეს აუცილებლად ძალიან გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ ამ პროცესში ერთად ვიქნებით. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება, ვყოფილიყავი ამ რთულ დროს. თავს გაუფრთხილდით და გააგრძელეთ ერთიანი ძალისხმევა. დიდი მადლობა”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.