დიმიტრი ხუნდაძე: ერთ ადამიანს განუზომლად ბევრი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია
“ერთ ადამიანს შეუძლია განუზომლად ბევრი ადამიანის დაინფიცირება”, – ამის შესახებ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე საუბრისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს დაიცავენ, ვირუსის გავრცელების რისკი დაბალი იქნება.
„ხელი არის ინფექციის გადამტანი და ამიტომ რეკომენდაციაა, რომ ხელი ხშირად დავიბანოთ და მოვერიდოთ ერთმანეთთან ახლო დგომას, ამას თუ შევასრულებთ, რისკი იქნება დაბალი.
შესაძლოა, დაინფიცირებულ ადამიანს არ ჰქონდეს გამოხატული კლინიკა და ის იყოს გადამდები. ხშირად ბავშვებიც არიან ინფექციის გადამტანები. შესაძლოა, ავადობის კლინიკა გამოხატული არ იყოს და პიროვნება იყოს ინფექციის გადამტანი.
ერთ ადამიანს შეუძლია განუზომლად ბევრი ადამიანის დაინფიცირება. შეკავების ფაზიდან ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში და მთელი აპრილის პერიოდი იქნება გამწვავებული. სამწუხაროდ, იქნება დადასტურებულიც და დაუდასტურებელი შემთხვევებიც, რაც გავრცელების მეტ საფრთხეს ქმნის. ამიტომ, მოვერიდოთ ერთმანეთს და დავრჩეთ სახლში “, – განაცხადა ხუნდაძემ.
თამუნა შეყილაძე