დავით ზალკალიანი: სამშობლოში დასაბრუნებლად საქართველოს მოქალაქეები ფრენებზე ბილეთების შეძენას ეტაპობრივად შეძლებენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ორი რეისი უკვე განხორციელდა. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე შემდეგ დღეებში განსახორციელებელ რეისებზეც ისაუბრა.
“პრემიერმინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ავიაკომპანია “საქართველოს” ავიახაზები საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით ეტაპობრივად განახორციელებს.
უკვე განხორციელდა 2 ფრენა: 23 მარტს თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით, რომელიც შეასრულა “ეგეოის” ავიახაზებმა. ამ ორი რეისით საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე.
რაც შეეხება შემდეგ განრიგს – ის ასეთი გახლავთ:
26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით;
31 მარტს – თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით;
3 აპრილს – თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით;
7 აპრილს – თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებით;
10 აპრილს – ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.
მგზავრთა ნაკადის ორგანიზებულად მართვისა და მოქალაქის საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია რეისამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.