ქეთევან ციხელაშვილი მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მიმართავს და კორონავირუსის პრევენციისა და თვითიზოლაციის პირობების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.
მინისტრის თქმით, კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულება თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებო მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო თქვენ მიმართ და მოგმართოთ თხოვნით. გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და შევასრულოთ კორონავირუსის პრევენციისა და თვითიზოლაციის პირობების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციები და მოთხოვნები, ასევე, დავიცვათ კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რისი შესრულებაც არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება ჩვენი ოჯახებისა და ახლობლების, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ ერთად ვართ ამ ძალისხმევაში და მჯერა, რომ ჩვენი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, თანადგომით და ურთიერთდახმარებით გადავლახავთ ამ გამოწვევას”, – აცხადებს ციხელაშვილი.
უწყების ცნობით, რეკომენდაციების შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდის www.stopCoV.ge სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდის www.smr.gov.ge და სოციალური ქსელების მეშვეობით, ამოქმედებულია 112-ის საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზი, ასევე, კვლავ მიაწვდიან ბეჭდურ საინფორმაციო მასალებს.