თენგიზ ცერცვაძე: პრემიერმა მყისიერად გამოაცხადა საკარანტინო ზომები მარნეულსა და ბოლნისში იმიტომ, რომ ეს პრეცედენტი არ გავრცელდეს დანარჩენ საქართველოზე
“პრემიერმა მყისიერად გამოაცხადა საკარანტინო ზომები და სხვა შეზღუდვები მარნეულში და ბოლნისში იმიტომ, რომ ეს პრეცედენტი არ გავრცელდეს დანარჩენ საქართველოზე და პირველ რიგში, თბილისზე”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევები, როგორიც მარნეულში იყო ერთეულ კერად დარჩეს.
“იჩქარა პრემიერმა და მყისიერად გამოაცხადა საკარანტინო ზომები და სხვა შეზღუდვები მარნეულში და ბოლნისში იმიტომ, რომ ეს პრეცედენტი არ გავრცელდეს დანარჩენ საქართველოზე და პირველ რიგში, თბილისზე. ეს, იმიტომ, რომ სწორედ თბილისშია ძალიან დიდი რაოდენობა იმ პირების, ვინც მოგზაურობდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, ან ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის კონტაქტი მათთან. გამორიცხული არაფერი არ არის, მოდით ასე ვთქვათ- იმიტომ, რომ ნებისმიერ რაიონში, ნებისმიერ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობებს აქვს ზღვარი.
ჩვენთან საქართველოში ყველაფერი, რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება ყველაფერი კეთდება, რაც ადამიანის შესაძლებლობებს არ აღემატება ან ზოგჯერ, აღემატება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები როგორიც მარნეულში იყო, დარჩეს ერთეულ კერად,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.