ამირან გამყრელიძე: ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ დღეს, რომ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამიტომ,ყველა უნდა დაემორჩილოს დღეს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს
“ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ დღეს, რომ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამიტომ, ყველა უნდა დაემორჩილოს დღეს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს”,- ასე უპასუხა “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტის კითხვას- “ეკლესიებში ლოცვებზე ხალხმრავლობის გამო ხომ არ არის საჭირო უფრო მკაფიო ჩანაწერის გაკეთება კანონში, ღონისძიებების უფრო ეფექტურად გასატარებლად”.
გამყრელიძის თქმით, სოციალური დისტანცირება არის ყველაზე ძლიერი იარაღი დღეს ინფექციასთან ბრძოლის, ამიტომ, საჭიროა, ეს რეკომენდაცია ყველამ დაიცვას.
„საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქვეყანაში, მეტი რა ჩანაწერი უნდა იყოს, ჩვენ ყველამ უნდაგავითავისოთ დღეს, რომ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამიტომ, ყველა უნდა დაემორჩილოს დღეს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს. ამიტომ, სოციალური დისტანცირება არის ყველაზე ძლიერი იარაღი დღეს ინფექციასთან ბრძოლის, ამიტომ, დავიცვათ ეს რეკომენდაცია ყველამ”,- განმარტა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, რომელიც სახლში რჩება და გაცემულ რეკომენდაციებს ასრულებს.
„ჩვენ თვითშეგნება უნდა გვქონდეს იმდენი ყველას, რომ გავითავისოთ. თქვენ ხედავთ, რომ თბილისის ქუჩები დაცარიელებულია. ანუ, საზოგადოების უმრავლესობა ითავისებს იმ მდგომარეობას რა მდგომარეობაშიც ვართ და იმ საშიშროებას, რაც შესაძლებელია ქვეყანაში დადგეს და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ამისთვის. ჩვენ არ მინდა განმეორდეს ის, რაც მოხდა დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში. თუ ჩვენ დავიცავთ ყველაფერ იმას, რაც დღეს საგანგებო მდგომარეობის პირობებში უნდა განხორციელდეს, დიდი ალბათობით, ავუვლით გვერდს ფართომასშტაბიან ეპიდემიას. ამიტომ, პირველ რიგში, აქ არის მთავარი საზოგადოებრივი თვითშეგნების გაზრდა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.