ლევან დავითაშვილი: პურზე ფასი არ გაიზრდება და ხორბლის, ფქვილის და პურის მიწოდება ქვეყანაში გარანტირებული იქნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების პირობებში, მოსახლეობის სურსათით შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სექტორულ შეხვედრებს განაგრძობს.
ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებსა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ფქვილსა და პურზე, როგორც ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე, სტაბილური ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის შორის მუდმივი კომუნიკაციის გარეშე რთული იქნება.
ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასების დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტი გააცნო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროში შემუშავებულია „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.
ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.