დავით ზალკალიანი: საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ამსტერდამიდან ორი და ბერლინიდან ერთი ჩარტერული რეისი განხორციელდება
საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დავალების შესაბამისად, გადასულია 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე, ყველა ჩვენი საკონსულო, საელჩო, უცხოური მისია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშია განთავსებული, გადართულია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების მომსახურებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენი მოქალქეების ჩამოსაყვანად ამსტერდამიდან ორი და ბერლინიდან ერთი ჩარტერული რეისი განხორციელდება.
„იმ რესურსით, რომელიც გაგვაჩნია, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ამ მძიმე სიტუაციაში ჩვენს თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა და რაც შეიძლება დავეხმაროთ გამოწვევასთან გამკლავებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ესაა შეზღუდვები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება გადაადგილებასთან დაკავშირებით და ფრენებთან მიმართებაში. როგორც უკვე გამოცხადებულია, უახლოეს დღეებში განხორციელდება ჩარტერული რეისები. ამსტერდამიდან ორი რეისი და ერთი რეისი ბერლინიდან. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ და მოვახდენთ სხვა მიმართულებებითაც ფრენებს. ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, მათაც ეტაპობრივად, არსებული რესურსის ფარგლებში, რაც ხელისუფლებას და ქვეყანას გააჩნია, მოვახდენთ მათ გამოყვანას ამ ქალაქებიდანაც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.