ამირან გამყრელიძე: მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებს თუ დავიცავთ, მაღალი ალბათობით, დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას თავიდან ავიცილებთ

მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებს თუ დავიცავთ, მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილებთ დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა , ამირან გამყრელიძემ „პირველის არხის“ ეთერში, საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემები ქვეყანაში ჯერ არ გვაქვს.

„44-ივე დადასტურებული შემთხვევა არის იმპორტირებული ან იმპორტირებულის კონტაქტი. ანუ ჯერ ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემები ქვეყანაში არ გვაქვს. თუმცა, როგორც ატყობთ, ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს მატება 2-3-4 შემთხევით, თუ ეს ტემპი შევინარჩუნეთ კიდევ, ვთქვათ, ერთი კვირის განმავლობაში და მეტი სისწრაფით არ იქნა მატება, შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერჯერობით სიტუაცია ამ თვალსაზრისით კონტროლს ექვემდებარება.

ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სწრაფი და ფართომასშტაბიანი გავრცელება ავიცილოთ თავიდან. ამის ერთადერთი ხერხი ,ასე ვთქვათ, და ერთადერთი მეთოდი გახლავთ სწორედ სოციალური დისტანცირების რაც შეიძლება მკაცრად დაცვა. ანუ კიდევ ერთხელ მოწოდება მოსახლეობისთვის, ის, რაც მთავრობამ დაადგინა, რომ თანდათანობით სულ უფრო და უფრო მკაცრდება ღონისძიებები, დროებით ჩერდება მუშაობა ბევრი ორგანიზაციის, თანდათან ადამიანები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფების, სახლში რჩებიან. ვიცავთ სწორად კარანტინს, ვიცავთ სწორად თვითიზოლაციას, ნაკლებად ვმოძრაობთ, არ ვიკრიბებით დიდი რაოდენობით, აღარ ვიხდით დროებით დიდ ქორწილებსა და დიდ დაბადების დღეებს. ყველა ეს დიდი შეკრება შეიძლება, გახდეს წყარო ინფექციის გავრცელები.

თუ ჩვენ ყველა იმ წესს დავიცავთ და იმ რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის უწყება და საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად ახმოვანებს და ყოველდღიურად აძლიერებს, ასე ვთქვათ სოციალური დისტანცირების ღონისძიებებს, მაშინ ჩვენ გვექნება მაღალი ალბათობა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი გავრცელება დაავადების“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები