საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების რისკების შემცირების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსით გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის დაცვის გაზრდილი რისკისშემცველი მონაკვეთები.

“საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით აიკრძალა სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების რისკების შემცირების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით, რისკებისა და საფრთხეების ანალიზის საფუძველზე, დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსით გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის დაცვის გაზრდილი რისკის შემცველი მონაკვეთები. სასაზღვრო პერიმეტრის კონტროლს მესაზღვრეების გაძლიერებული შემადგენლობა საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ახორციელებს.

ახალი ​კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუდმივად იღებენ დამატებითი ინფორმაციას სამსახურებრივი საქმიანობისას გასათვალისწინებელი წესებისა და ჰიგიენის რეკომენდაციების შესახებ. მესაზღვრეები პოტენციური დამრღვევის დაკავებისას იმოქმედებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალური რეკომენდაციების დაცვით და გამოიყენებენ შესაბამის აღჭურვილობას”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები