კახა კალაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 3 თვით, იჯარის გადასახადისგან 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გავათავისუფლოთ

“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია, კორონავირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დაცვისა და შექმნილ ვითარებაში მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 3 თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს – მარტის, აპრილის და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით, ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად შევა, თუ დამატებით ჩვენ ვიქნებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ეს შეღავათები მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ,, ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია, ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუკი მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. შესაბამისად, თუკი კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად 600 მოიჯარეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები