რუსეთსა და ჩინეთზე წინ, აზერბაიჯანი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 226 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით, აზერბაიჯანი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და გადაასწრო როგორც რუსეთს (199 მლნ. დოლარი), ასევე – ჩინეთს (197 მლნ.დოლარი).
მართალია უმნიშვნელოდ, თუმცა აზერბაიჯანის წილი გაიზარდა იმპორტის ნაწილშიც. ამ მაჩვენებლით ( 135 მლნ. დოლარი) აზერბაიჯანი მხოლოდ თურქეთსა (214.5 მლნ. დოლარი) და რუსეთს ( 136.8 მლნ.დოლარი) ჩამორჩება. საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ყველაზე მეტი პროდუქცია ( 90 მლნ.დოლარი) სწორედ აზერბაიჯანში გაყიდა და, შესაბამისად, საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორიც აზერბაიჯანია.
აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 99.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 89.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 42.4 მლნ. აშშ დოლარით (8.1 პროცენტი).
აქვე შეგახსენებთ,რომ საქსტატის მონაცემებით,2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 853.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 526.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 327.5 მლნ. აშშ დოლარს (6.7 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში, 801.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2 პროცენტია.