მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული მეორე და მესამე პაციენტისთვის ტესტის გაკეთებას არ ვჩქარობთ, რადგან გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა 3 კვირამდე გაიზარდა
“გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა სამ კვირამდე გაიზარდა, ამიტომ კორონავირუსით ინფიცირებული მეორე და მესამე პაციენტისთვის ტესტის გაკეთებას არ ვჩქარობთ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ჯერჯერობით, სიახლე არ არის. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა არ შეცვლილა, რჩება 2-დან 14 დღე. გარკვეულწილად, გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა, რომელიც ადრე მოცემული იყო როგორც კრიტერიუმი – მსუბუქ შემთხვევაში 2 კვირა, გახანგრძლივდა სამ კვირამდე, ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ ამ პაციენტების ტესტირებას და ვცდილობთ, რომ გამოჯანმრთელების პერიოდს მიუახლოვდეს. სამი კვირის თავზე, ალბათ, ჩატარდება გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ტესტირება COVID-19-ზე და შემდეგ განმეორებითი ტესტირება, ამიტომ ცოტა დავაგვიანეთ შემდგომი პაციენტების ტესტირება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. აქედან 1 გამოჯანმრთელებულია.