მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთი 80 წელს გადაცილებულია, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებაც აქვს და ამ შემთხვევაში პროგნოზი შეიძლება, არაკეთილსაიმედო იყოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტიდან 31 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათგან 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით, რამაც შეიძლება, მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს.

“ქვეყანაში კორონავირუსის უკვე 40 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ჩვენთან 32 პაციენტია. 32-დან ერთი ბინაზეა გაწერილი, მაგრამ რაოდენობრივად ითვლება. ამ ეტაპზე, ჩვენთან არის 31 პაციენტი. ამ 31 პაციენტში სამი არის პრობლემური, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გარკვეულწილად რისკისშემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი რისკი არის ერთი პაციენტი, რომლის ასაკი არის 80 წელზე მეტის და მას აქვს თანხმლები დაავადება, მძიმე ნერვოლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება, გახდეს არაკეთილსაიმედო. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს პაციენტი პრობლემურია. გარდა ამ ქალბატონისა, კიდევ გვყავს ორი პრობლემური პაციენტი. ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება, ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება და გართულება. მესამე მძიმე პაციენტის ობიექტური მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ გამომსახველობითი კვლევით, რასაც კომპიუტერული ტომოგრაფია ჰქვია, დინამიკურად გაუარესებული გვქონდა მაჩვენებელი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ამ სამ პაციენტთან მდგომარეობა სერიოზულია და დინამიკურად კვლავ სჭირდებათ დაკვირვება და გამოსავალზე საუბარი.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს – ნაწილს აქვს პმევმონია, საშუალო სიმძიმის და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის. ყველასთან დაავადების მიმდინარეობა სტაბილურია და არსად პროგრესირება არ შეიმჩნევა და მათთან, ალბათ, უნდა დადგეს გამოჯანმრთელება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები