ნინო ცაციაშვილი: სამინისტროს თანამშრომლები, ჯანდაცვის შესაბამის თანამშრომლებთან ერთად, პერმანენტულ და ძალიან მკაცრ მონიტორინგს ახორციელებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მან დეტალურად მიმოიხილა თვითიზოლაციის დარღვევის გამო კარანტინში იძულებით გადაყვანის პროცესი და ის პრინციპი, თუ როგორ ხდება ასეთი პირების გამოვლენა.
„დატვირთვა, ლოგიკურია, რომ გაიზარდა და სამწუხარო რეალობა გვაქვს ის, რომ, დღეის მდგომარეობით, დაფიქსირდა 99 შემთხვევა, როდესაც მოქალაქეთა მხრიდან ხდება თვითიზოლაციის წესების დარღვევა. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულება იძულებით კარანტინში გადაყვანაზე სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე მოდის და მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების კარანტინში გადაყვანის შესახებ, უკვე იმპლემენტაციის პროცესში ერთვებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოგახსენებთ ერთიან ჯაჭვს – მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიზიარებს ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომელთაც ევალებათ და რეკომენდაცია აქვთ მიცემული, რომ დაიცვან თვითიზოლაციის წესები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ჯანდაცვის უწყების შესაბამის თანამშრომლებთან ერთად, პერმანენტულ და ძალიან მკაცრ მონიტორინგს ახორციელებენ. აკითხავენ ბინებზე იმ ხალხს, ვინც უნდა იყოს თვითიზოლაციაში და იცავდეს აღნიშნულ წესებს. თუმცა ბინაზე გამოცხადებამდე ჩვენ მათ პერმანენტულად ვუგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე, 112-ის ოპერატორები მუდმივად უკავშირდებიან, სთხოვენ და აფრთხილებენ, რომ დაიცვან აღნიშნული წესები. თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც აღვნიშნე, დღეის მდგომარეობით, 99 დარღვევის ფაქტი გვქონდა, სამწუხაროდ.
მოგეხსენებათ, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენ დაგვევალა ძალიან აქტიური კომუნიკაცია და აქტიური ჩართულობა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ პროცესებში. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტია ის დანაყოფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს კარანტინში მოთავსებული პირების უსაფრთხოების და იმის დაცვას, რომ რეალურად არ მოხდეს კარანტინის წესების დარღვევა”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე, აღნიშნა, რომ თვითიზოლაციის დარღვევის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება საჭირო და ეფექტიანი ინსტრუმენტია. მან ახალ რეგულაციებზე დეტალურად ისაუბრა.
„ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით პარლამენტის რეაგირება იყო ძალიან საჭირო და ეფექტიანი მოცემული რეალობის გათვალისწინებით, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით და, რეალურად, ეს ციფრი მზარდია, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტებს. პარლამენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, იყო კომუნიკაცია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, სხვა რელევანტურ სამართალდამცავ უწყებებთან და ჩვენთან კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული და წარდგენილი ის პროექტი, რაც ახსენეთ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საერთოდ ახალი სამართალდარღვევის შემოღებას, რაც გულისხმობს კარანტინის წესების დარღვევას და იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი დაარღვევს კარანტინის წესებს, ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა იქნება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო თუ იგივე ქმედება განხორციელდება იურიდიული პირის მიერ – ამ შემთხვევაში, უკვე 15 ათასი ლარით დაჯარიმდება. ასევე, საინტერესოა ის რეგულაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, გამეორება მოხდება აღნიშნული ქმედების, ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ან გასამართლების შემდეგ, ეს ქმედება უკვე მოგვცემს სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც, ასევე, სიახლეა სისხლის სამართლის კოდექსში“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები